სიახლე
Date: 2020-05-29

რა არის ქეფსთოუნ პროექტი?

2020 წლის 29 მაისს, სდსუ საქართველო ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების გამოფენას მართავს. ღონისძიებაზე სტუდენტები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს, რომელზეც დამამთავრებელი კურსის განმავლობაში იმუშავეს. ეს იქნება სდსუ საქართველოს მიერ გამართული მეორე ქეფსთოუნ გამოფენა საქართველოში.

წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელექტრული და კომპიუტერული ინჟინრების 6 გუნდი, რომლებიც გაგვაცნობენ რეალური პრობლემების ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. 2020 წლის ქეფსთოუნ ღონისძიების სპონსორები იყვნენ: სს ლომისი (ლუდსახარში ნატახტარი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა.

ქეფსთოუნ პროექტი წარმოადგენს სტუდენტების აკადემიური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. ეს არის სადიპლომო, საინჟინრო პროექტი, რომლის შესრულება დამამთავრებელი კურსის ინჟინერიის სტუდენტებისათვის სავალდებულოა და რომელზეც სტუდენტები ორი სემესტრის განმავლობაში მუშაობენ.

ქეფსთოუნ პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფართოდ მიღებული პრაქტიკაა და ინჟინერიის დარგში ანაცვლებს სადიპლომო ნაშრომს. ამ გზით, მოწმდება სტუდენტების აკადემიური, ინტელექტუალური და კრიტიკული აზროვნების უნარები, რაც მათ სწავლის განმავლობაში შეიძინეს. მეორეს მხრივ, ქეფსთოუნ პროექტი მათთვის ღირებული, პრაქტიკული გამოცდილების წყაროს წარმოადგენს საკუთარ პროფესიაში.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მუშაობენ ჯგუფებში, რომელიც ფორმირებულია როგორც სამრეწველო დიზაინის გუნდი, სადაც თითოეული წევრისთვის გაწერილია კონკრეტული დავალება, მათი სასწავლო პროგრამის და გამოცდილების მიხედვით. გუნდების წევრები მუშაობენ რეალურ პროექტებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ერთობლივ ხელმძღვანელობას უწევენ როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე შესაბამისი ინდუსტრიის წარმომადგენელი ბიზნესის სფეროდან.

პროექტზე მუშაობისას, სტუდენტები გადიან იმ ღონისძიებების სრულ ციკლს, რაც საჭიროა მზა პროდუქტის შესაქმნელად და მის ბაზარზე წარსადგენად. ეს პროცესი მოიცავს დეტალურ ანალიზს, დაგეგმვას, დიზაინს, ტესტირებას და საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანას, რათა მოხდეს ფუნქციური, მზა პროდუქტის დროული მიწოდება.

ქეფსთოუნ პროექტის საშუალებით, ფასდება სტუდენტების უნარები, რაც საჭიროა რეალური ინდუსტრიული პროექტის განხორციელებისთვის, ყველა ეტაპზე. შედეგად, იქმნება პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და წარმოადგენს შესაბამის სფეროში არსებული კონკრეტული, რეალური პრობლემის გადაჭრის გზებს.

რატომ უნდა გახდეს ბიზნესი ქეფსთოუნ პროექტის სპონსორი?

ქეფსთოუნ პროექტი ბიზნესს აძლევს საუკეთესო საშუალებას წარმოადგინოს ნებისმიერი პრობლემა ან პროექტი, რომელზეც მუშაობს და მიიღოს ახალი პერსპექტივა სდსუ-ს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისგან. გუნდის დასპონსორების შედეგად, კომპანიები დაეხმარებიან სტუდენტებს შექმნან პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი პროექტი და პროტოტიპი. ამავდროულად, ქეფსთოუნი კარგი შანსია კომპანიისთვის, გაეცნოს ნიჭიერი სტუდენტების გუნდს და შეაფასოს მათი მომავალი დასაქმების პოტენციალი. ფუნქციურად, ქეფსთოუნ პროექტი არის ერთგვარი გახანგრძლივებული სტაჟირება, რომლის ფარგლებშიც კომპანიები და სტუდენტები ეცნობიან ერთმანეთს.

როგორ დააფინანსოთ ქეფსთოუნ პროექტი?

ისარგებლეთ შესაძლებლობით და დააფინანსეთ ქეფსთოუნ/დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო, საინჟინრო პროექტი 2020-2021 აკედემიური წლისთვის. ამისთვის, 2020 წლის სექტემბრამდე, წარმოადგინეთ თქვენი შეთავაზება, რომელიც მოიცავს პროექტის დასახელებას, მიზნებს, მოკლე აღწერას, შედეგებს და ვადებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დასაქმების მენეჯერს, ანა შახნაზაროვას: [email protected]

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე