სტუდენტური წარმატება
Date: 2018-07-17

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 წარმატებული ქართველი სტუდენტი საზაფხულო კვლევის ჩასატარებლად სან დიეგოში, კალიფორნიაში გაემგზავრა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 წარმატებული ქართველი სტუდენტი საზაფხულო კვლევის პროგრამის ფარგლებში სან დიეგოში, კალიფორნიაში გაემგზავრა. სტუდენტები ორი თვის მანძილზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე, პროფესორების მეთვალყურეობით იმუშავებენ სხვადასხვა ინოვაციურ კვლევებსა და პროექტებზე ქიმია-ბიოქიმიის, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის დარგებში.

საზაფხულო კვლევის პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ეწვიონ უნივერსიტეტის მთავარ კამპუსს კალიფორნიაში, იმუშაონ დარგის წამყვან სპეციალისტებთან და უახლესი კვლევების გათვალისწინებით, დანერგონ ახალი, ინოვაციური მიდგომები და მეთოდები ტექნოლოგიურ დარგებში. პროგრამა წელს პირველად ამოქმედდა იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც საინტერესო იდეა ჰქონდათ და კვლევის აშშ-ში გაგრძელება სურდათ. გამარჯვებული პროექტები კვლევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს.

ქართველ სტუდენტთა შორის კამპუსზე იმყოფება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, დავით სოსელია. სან დიეგოში ყოფნის პერიოდში დავითი იმუშავებს პროექტზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეშვეობით შეძლებს სხვადასხვა ტრავმის პროგნოზირებას, გამოვლენასა და პრევენციას. კვლევის პროცესში დათი ითანამშრომლებს სან დიეგოში მოღვაწე პროფესორებთან და მათი მონაცემების საფუძველზე შეისწავლის მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ ანალიზს.

რადიკალურად განსხვავებულ მიმართულებაზე იმუშავებენ SDSU საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები დავით ამაშუკელი და ვახტანგ დონაძე. კვლევის ფარგლებში სტუდენტები დაამუშავებენ და დააკვირდებიან უნიკალურ, უახლეს მიდგომას, ცხოველთან ჯგუფების ფორმირების პროცესის შესასწავლად. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ცხოველთა აქტივობა ბუნებრივ გარემოში IOT- ის გამოყენებით” ტარდება ორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით: SDSU და UCSD.

SDSU-ს საბაკალავრო კვლევითი პროგრამის დირექტორის, ლიზა კატის განცხადებით „ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მოახდინონ არსებული ცოდნის და გამოცდილების ლაბორატორიებში ინტეგრირება. აგრეთვე პრაქტიკული სამუშაოებით გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ ჭეშმარიტად კრიტიკული უნარები მომავალი წარმატებისთვის და კარიერული წინსვლისთვის“. აღნიშნული პროგრამით სან დიეგოში გამგზავრებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა SDSU საქართველოს სტუდენტებს მომავალ წელსაც ექნებათ.