სიახლე
Date: 2019-06-10

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი, ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლეს

4 ივნისს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოშ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლეს. ღონისძიებას დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდნეტი ადელა დე ლა ტორე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი ანტონი ველჩერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ოთხსართულიანი, 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მასში განთავსდა საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.

შენობის სრული აღჭურვა დასრულებულია და ის პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. შენობაში ისწავლიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ტექნოლოგიურ (STEM) მიმართულებებს ეუფლებიან. პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.