ახალი ამბები
Date: 2022-09-05

სდსუ და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო წარმატებულ თანამშრომლობას აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში უმაღლესი განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
კერძოდ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითანამშრომლებენ საქართველოში STEM საგნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეისწავლის უკვე არსებულ და ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მუშაობის შესაძლებლობებს, რათა მათ შესთავაზოს აშშ-ში აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამები. თავის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან MCC-ის მეორე კომპაქტის (Compact II) მიზნების ხელშესაწყობად STEM-ის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.
წყარო: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო