სიახლე
Date: 2020-03-16

სდსუ საქართველო 2020 წლის 2 მარტიდან ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით ოპერირებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტერი დაიწყო 20 იანვარს. მიმდინარე წლის მარტის თვეში სდსუ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, ისუ, სტუ) სასწავლო სივრცეებში დაიგეგმა დეზინფექციის სამუშაოები, რის შედეგადაც 2020 წლის 2 მარტიდან, სდსუ საქართველომ შეცვალა სწავლების ფორმა და გადაერთო სრულად ვირტუალურ სწავლებაზე.

სდსუ საქართველოს ვირტუალური სწავლება ეყრდნობა ლიცენზირებულ ონლაინ პლატფორმებს, რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის და მოიცავს შემდეგს:

  • Blackboard Learn სდსუ-ში დანერგილი ვირტუალური სასწავლო გარემო და სწავლების მენეჯმენტის სისტემაა. ეს არის ვებ-სერვერი, რომელიც სტუდენტების საინფორმაციო სისტემებთან და საიდენტიფიკაციო პროტოკოლთან ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. Blackboard-ი გამოიყენება სტუდენტებთან კომუნიკაციის, კურსის მასალების და დავალებების გაზიარებისა და შეფასებისთვის. სდსუ საქართველოს პროფესორები Blackboard-ის სასწავლო მოდულებს და მედია ბიბლიოთეკას აქტიურად იყენებენ სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციებზე წვდომის გასახსნელად.
  • Zoom-ი ონლაინ სწავლების პროცესში გამოყენებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია. Zoom-ი სტუდენტებს საშუალებას აძლევს დასვან შეკითხვები ჩატის ფუნქციის გამოყენებით, გამოიყენონ ვირტუალური რეაქციები, და „ხელის აწევის“ ფუნქცია ლაივ რეჟიმში.
  • სდსუ საქართველო ასევე აგრძელებს Turnitin-ის გამოყენებას საშინაო დავალებების წარსადგენად. Turnitin აუდიტორიული სწავლების პროცესშიც აქტიურად გამოიყენებოდა.
  • Respondus Test Software, Respondus LockDown Browser და Respondus Monitor ვირტუალური ინსტრუმენტებია, რომლებიც გამოცდების და ტესტირების ონლაინ რეჟიმში ჩასატარებლად გამოიყენება. აღნიშნული სისტემები უზრუნველყოფს ონლაინ გამოცდის მიმდინარეობისას, სხვა კომპიუტერულ აპლიკაციებსა და ვებ-გვერდებზე წვდომის შეზღუდვას. ალგორითმების შესაქმნელად, მონაცემთა ანალიზისთვის, ვიზუალიზაციასა და ციფრული გამოთვლებისთვის სდსუ იყენებს პროგრამირების დესკტოპ გარემო - MATLAB-ს.
  • YouTube ვიდეოები ასევე გამოყენებადი არაინტერაქტიული რესურსია.

საკუთარი SDSUid-ის საშუალებით, სდსუ საქართველოს სტუდენტებს აქვთ წვდომა სხვა აპლიკაციებზეც, როგორიცაა Microsoft Office-ის Office 365 პორტალი, Project Professional, Visio Professional, Visual Studio Enterprise, Windows 10, SQL Server 2019 Developer. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: სდსუ-ს ვირტუალური სწავლების რესურსები სტუდენტებისთვის.

სდსუ საქართველოს ადმინისტრაცია და პროფესორები განაგრძნობენ მუშაობას, რათა უზრუნველყონ ვირტუალური სწავლების უწყვეტი ხელმისაწვდომობა. სდსუ საქართველოს სტუდენტებს მიღებული აქვთ რეკომენდაცია, დარჩნენ სახლში, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას.

ორკვირიანი ვირტუალური სწავლების შემდეგ, მოხარული ვართ, განვაცხადოთ, რომ ჩვენი პროფესორები ეფექტიანად იყენებენ ვირტუალური სწავლების შეთავაზებულ პლატფორმებს, ხოლო სტუდენტების უკუკავშირი პოზიტიურია. 2020 წლის 16 მარტს აუდიტორიული სწავლება (მათ შორის, ლაბორატორიული მუშაობა) შეწყდა და ვირტუალურ სწავლებაზე გადავიდა სდსუ-ს სან დიეგოს კამპუსიც.