სიახლე
Date: 2022-09-07

სდსუ საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა სან დიეგოში - შემოდგომა 2022

2022 წლის 6 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსზე, სან დიეგოში, სდსუ საქართველოს მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი, დოქტორი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საზოგადოებრივი განვითარების დირექტორი, სონია შაჰრიგიანი, სამი პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორი, მრჩეველთა საბჭოს წევრები და სდსუ საქართველოს დონორები. შეხვედრას ასევე დაესწრო სდსუ-ს პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე, პროვოსტი, ვიცე პროვოსტი, დეკანები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.

მრჩეველთა საბჭო ემსახურება უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას. საბჭოს წევრები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანები, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის დონორი ორგანიზაციები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.